
დროდადრო ჩვენი კომპიუტერები ნელდება და ხშირად გვიჭედავს, რთულდება მათი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისას თუ რუტინულად. ამის გამო უმრავლესობას გვიწევს ახალი კომპიუტერის ყიდვა, რადგანც ძველმა უკვე დაასრულა თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუმცა დაიჯერებთ, რომ სინამდვილეში თქვენი კომპიუტერის გაუმჯობესება ისევ შეიძლება? ეს კი ძველი სისტემისგან განსხვავებით უფრო მსუბუქი სისტემის დაყენებით ხდება.
ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარი მხოლოდ ჩვენი კომპიუტერის მონაცემების გაკრვევა და შემდგომ მონაცმების შესაბამისი ზომების მიღებაა. რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტა დამაბნეველი და რთული ჩანს, მაგრამ მთავარი დეტალები და ეტაპების დაცვაა! მე, როგორც დამწყებს, ეს გზა უკვე გავლილი მაქვს და მზად ვარ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. ამ პოსტში დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენს ძველ კომპიუტერს „ახალი სული ჩაუდგათ“ Linux-ის, მსუბუქი და ოპტიმიზირებული ოპერაციული სისტემის დახმარებით.
რატომ Linux?
Linux არის ფართოდ ხელმისაწვდომი ოპერაციული სისტემა, რომელიც Windows-ის ან macOS-ის ალტერნატივას წარმოადგენს. ის შექმნილია იმისთვის, რომ იყოს სწრაფი, უსაფრთხო და მოქნილი. სხვა ოპერაციული სისტემებისგან განსხვავებით, Linux-ის ბევრ ვერსიას არ აქვს ზედმეტი, არასაჭირო პროგრამები (რაც ხშირად ანელებს კომპიუტერს), რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს კომპიუტერის მუშაობას. ის იდეალურია ძველი მოწყობილობებისთვის, რომლებსაც აღარ აქვთ განახლებები.
სანამ ინსტალაციაზე გადავალთ:
სანამ უშუალოდ ინსტალაციაზე გადავალთ, აუცილებელია მოვამზადოთ კომპიუტერი და გაიგოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:
Linux-ის დისტრიბუცია: Linux-ს აქვს უამრავი ვერსია (დისტრიბუცია). ზოგი უფრო მარტივია დამწყებებისთვის, ზოგი კი გამოცდილ მომხმარებლებს ერგება. პოპულარული და მარტივი ვარიანტებია Ubuntu, Linux Mint, ან Zorin OS. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის ყველაზე მიმზიდველი ჩანს.
ჩამტვირთავი USB (Bootable USB): Linux-ის ინსტალაციისთვის დაგჭირდებათ USB ფლეშ დრაივი, რომელზეც ჩაწერთ Linux-ის საინსტალაციო ფაილს. ეს USB იქნება ის „გასაღები“, რომლითაც კომპიუტერს Linux-ის დასაყენებლად ამუშავებთ.
BIOS/UEFI პარამეტრები: ეს არის პროგრამა, რომელიც კომპიუტერის ჩართვისას იტვირთება და მართავს მის ძირითად ფუნქციებს. Linux-ის დასაყენებლად შეიძლება დაგჭირდეთ BIOS-ში ან UEFI-ში შესვლა და კომპიუტერის დაყენება ისე, რომ მან პირველ რიგში USB-დან ჩაიტვირთოს.
ინსტალაციის ნაბიჯები (მარტივად):
როგორც დამწყები, გირჩევთ, რომ ყურადღებით მიყვეთ ინსტრუქციებს და არ იჩქაროთ.
კომპიუტერის მონაცემების Backup გაკეთება: აუცილებლად შექმენით თქვენი კომპიუტერის ყველა მნიშვნელოვანი მონაცემის Backup გარე დისკზე ან Cloud-ში. Cloud-ში რაიმე ფასიან ან კორპორატიულ პლატფორმებს არ ვგულისხმობ, უბრალოდ შეგვიძლია Google Drive, Mega და ა.შ გამოვიყენოთ. Linux-ის ინსტალაცია წაშლის ყველაფერს არსებულ სისტემაზე.
ჩამოტვირთეთ Linux-ის დისტრიბუცია: გადადით თქვენს მიერ არჩეული Linux-ის ოფიციალურ საიტზე (მაგალითად, www.ubuntu.com) და ჩამოტვირთეთ მისი საინსტალაციო ფაილი (ჩვეულებრივ, ISO ფაილია).
შექმენით ჩამტვირთავი USB: გამოიყენეთ სპეციალური პროგრამა (მაგალითად, Rufus Windows-ისთვის ან Etcher ყველა ოპერაციული სისტემისთვის), რათა ჩამოტვირთული ISO ფაილი სწორად ჩაწეროთ USB ფლეშ დრაივზე.
გადატვირთეთ კომპიუტერი და შედით BIOS/UEFI-ში: კომპიუტერის ჩართვისას ხშირად უნდა დააჭიროთ ღილაკს Del, F2, F10 ან F12 (ეს დამოკიდებულია კომპიუტერის მოდელზე), რათა შეხვიდეთ BIOS-ის ან UEFI-ის პარამეტრებში.
დააყენეთ USB-დან ჩატვირთვა: BIOS/UEFI-ში იპოვეთ „Boot Order“ ან „Boot Priority“ განყოფილება და პირველ ადგილზე დააყენეთ თქვენი USB ფლეშ დრაივი. შეინახეთ ცვლილებები და გამოდით.
ჩაიტვირთეთ USB-დან: კომპიუტერი ახლა USB-დან ჩაიტვირთება და გაიხსნება Linux-ის ინსტალაციის ფანჯარა. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ „Try Linux“ (სისტემის გამოცდა ინსტალაციის გარეშე) ან „Install Linux“ (ინსტალაციის დაწყება).
მიჰყევით ინსტალაციის ნაბიჯებს: ინსტალერი დაგისვამთ რამდენიმე მარტივ კითხვას, როგორიცაა ენა, კლავიატურის განლაგება, დროის სარტყელი და სად გსურთ Linux-ის დაყენება. თუ არ გსურთ ძველი ოპერაციული სისტემის შენარჩუნება, აირჩიეთ „Erase disk and install Linux“ (დისკის წაშლა და Linux-ის ინსტალაცია).
შექმენით მომხმარებლის ანგარიში: ინსტალაციის ბოლოს მოგთხოვთ შექმნათ მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ინსტალაციის დასრულება და გადატვირთვა: ინსტალაციის დასრულების შემდეგ, ინსტალერი მოგთხოვთ კომპიუტერის გადატვირთვას. ამოიღეთ USB ფლეშ დრაივი და მიეცით საშუალება კომპიუტერს ჩაიტვირთოს.
და სულ ესაა! თქვენი ძველი კომპიუტერი განახლდა და უფრო სწრაფია! ახლა შეგიძლიათ ისიამოვნოთ Linux-ის სიმსუბუქითა და სიმარტივით.